თეგი: კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტო: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეფასდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკაშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას. აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ. მათივე ცნობით, ევროკავშირის მხარემ, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყების მნიშვნელობას. "მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; ტურიზმი; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ინსტიტუციური მექანიზმის მიხედვით, დარგობრივი თემატური ჯგუფების შეხვედრები  ყოველწლიურად იმართება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბუჯიაშვილი და სხვადასხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციითა და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. „2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც“, – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში. შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი ამ შეფასებით უკვე დაიხურა და სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავიდა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს – ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მარჟა 78-53 თეთრი იყო, რუმინული საწვავის შემთხვევაში კი საბაჟო საწყობიდან, დაახლოებით, 73-94 თეთრით იაფად ხდებოდა სხვა მოვაჭრეებზე საწვავის რეალიზაცია, ვიდრე ეს საკუთარ ქსელში შედიოდა. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოკვლევის ფარგლებში – დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება. ასევე, ბაზრის გაჯანსაღების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები დამუშავდება. „მიმდინარე წელს კონკურენციის სააგენტომ ერთი მოკვლევა დაასრულა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, რაც არ დადასტურდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. მიმდინარე წელს, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი მონიტორინგი – შუშის ნარჩენების და საავტომობილო საწვავის – ბუნებრივი/თხევადი აირის ბაზრის მიმართულებით. ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საწვავის მსხვილ რეალიზატორებს შეხვდნენ და ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტოს მონიტორინგის ანგარიში და ფასის შემცირების მოსალოდნელი ტენდენციები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე ფასის 20-30-თეთრიანი კლებაა მოსალოდნელი“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას. მათივე ინფორმაციით, დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივნის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა ერთი მოკვლევა – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორულ დაწესებულებებზე ორი რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის სამ საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების  სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს. ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად სამი საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე. 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, ოთხი კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება ერთ საქმესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მომხმარებლის უფლებების მიმართულებით შემოსული 194 განცხადებიდან 109 საქმე დასრულებულია - კონკურენციის სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, ექვს საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ხუთი დარღვევის ფაქტი – 16 საქმეზე, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4% და აჭარა 3%. მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 57%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 58%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 21%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 9%, ხოლო სხვა დანარჩენი 49%. საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 14%-ია. ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან ორი წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

კონკურენციის სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას. „ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, ექვსი თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის ხუთ საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო, ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.   „კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს,“ - აცხადებენ სააგენტოში.  სააგენტოს განცხადებით, მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.  

აფთიაქები ჯამში 53 მილიონამდე ლარით დაჯარიმდნენ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებული 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით; ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: ავერსი: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; მერმისი: 951 301 ლარი. „ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. „კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან, არასამართლიანი ფასის ან სხვა, არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები, 52 797 934 ლარით დააჯარიმა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია, "პსპ", "ავერსი", "გეფა" და "მერმისი", ჯამში, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.  

კვებითი მომსახურების სექტორს მენიუში ჯამური ფასის მითითება დაევალა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი. „სააგენტომ სტანდარტი დაადგინა - შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი - რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა,“ წერს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ბათუმში დააჯარიმეს კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი, შპს „დარიას“ - 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ - 1 789.22 ლარი და შპს „ჰარვიდენტის“ - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ინფორმაციისთვის: დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. 2024 წლის იანვარი - თებერვლის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება გაფორმდა. რადიო თავისუფლების ცნობით, დააჯარიმეს ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ. ეს გარემოება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არ არის. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სერვისის მიღება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ყველა ეს კვების ობიექტი ვალდებულია, კლიენტებს სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად შესთავაზოს მომსახურება.